როგორ გავუმკლავდეთ შიმშილს წონის კლების დროს
წონის კლება არ ნიშნავს მუდმივ შიმშილს. სტატია განმარტავს, როგორ შევქმნათ კალორიული დეფიციტი და მაინც ვიგრძნოთ დანაყრება — დაბალანსებული კვების, ცილის და ბოჭკოების საშუალებით.

შინაარსი
წონის კლება ხშირად ასოცირდება მუდმივ შიმშილთან, თითქოს ეს შედეგის მისაღწევად გარდაუვალი იყოს. სინამდვილეში, კალორიული დეფიციტით კვება უწყვეტ შიმშილს არ ნიშნავს — სწორი მიდგომებით შესაძლებელია წონის ჯანსაღად კლება და ამავდროულად, დანაყრების შეგრძნების შენარჩუნება.
რატომ ვგრძნობთ მუდმივ შიმშილს დიეტის დროს
როდესაც ორგანიზმი ჩვეულებრივზე ნაკლებ ენერგიას იღებს, შიმშილის გაძლიერებული სიგნალები ბუნებრივია. თუმცა, როგორც Healthline წერს, ექსპერტები ხაზს უსვამენ, რომ ძალიან დიდმა კალორიულმა დეფიციტმა შესაძლოა საპირისპირო შედეგი გამოიწვიოს — ორგანიზმი დანაყრების სიგნალების შემცირებას და შიმშილის გაძლიერებას იწყებს.
კალორიების ზედმეტად მცირე რაოდენობით მიღება ართულებს ორგანიზმის ძირითად ფუნქციებს და ბიოლოგიურ დამცავ მექანიზმებს ააქტიურებს. სწორედ ამიტომ არის რეკომენდებული ზომიერი, გრძელვადიანი მიდგომა — კვირაში დაახლოებით 0.5-1 კილოგრამის კლება.
კვების ხარისხი და მოცულობა
შიმშილის მართვის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გზა ისეთი პროდუქტების არჩევაა, რომლებიც დაბალკალორიულია, მაგრამ მოცულობით — დიდი. როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, ნაკლებად დამუშავებული, ბოჭკოთი და წყლით მდიდარი საკვები ნაკლები კალორიებით ქმნის დანაყრების შეგრძნებას.
ასეთ პროდუქტებს განეკუთვნება არასახამებლიანი (დაბალნახშირწყლოვანი) ბოსტნეული, როგორებიცაა ბროკოლი, კიტრი და ფოთლოვანი მწვანილი, ასევე წყლით მდიდარი ხილი, ლობიო, ოსპი და ბულიონზე დამზადებული წვნიანები.
20-წუთიანი წესი
თუ ჭამის შემდეგ კვლავ გრძნობთ შიმშილს, მიეცით ორგანიზმს 15-20 წუთი — სწორედ ამ დროის გასვლის შემდეგ ხდება დანაყრების სიგნალების სრულად აღქმა. თუ შიმშილის შეგრძნება მაინც რჩება, მიიღეთ დამატებითი მოცულობის მქონე დაბალკალორიული საკვები — ბოსტნეული ან ხილი.
ცილის გადამწყვეტი როლი
დანაყრების მართვაში ცილა უნიკალურ როლს ასრულებს. როგორც Healthline აღნიშნავს, ცილა ანელებს მონელების პროცესს და ზრდის დანაყრების ჰორმონების დონეს, რაც კალორიული დეფიციტის პერიოდში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
ცილის წყაროებია: კვერცხი, ბერძნული იოგურტი, თევზი, ქათამი, მჭლე საქონლის ხორცი, ინდაური, ტოფუ, ლობიო და ოსპი. მცირე ცვლილებამაც კი — მაგალითად, საუზმეზე ბერძნული იოგურტის დამატებამ — შეიძლება მნიშვნელოვნად გაზარდოს კვების ღირებულება.
დაბალანსებული კვების სამკუთხედი
მხოლოდ ცილა არ არის საკმარისი — ექსპერტები ისეთი დაბალანსებული კვების რაციონის შექმნას უწევენ რეკომენდაციას, რომელიც აერთიანებს ცილას, ბოჭკოსა და ჯანსაღ ცხიმებს. ბოჭკო ზრდის საკვების მოცულობას და ანელებს მონელებას, ჯანსაღი ცხიმები კი დანაყრების შეგრძნებას აძლიერებს.
დაბალანსებული კერძის მაგალითი შეიძლება იყოს გრილზე შემწვარი ორაგული, ქინოა, გამომცხვარი ბოსტნეული და ზეითუნის ზეთი. ასეთი კომბინაცია უფრო მეტად განაყრებთ, ვიდრე მხოლოდ რაფინირებული მარცვლეული ან შაქრიანი საკვები.
ნახშირწყლების მითი
ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ წონის კლებისთვის აუცილებელია რაციონიდან ნახშირწყლების სრულად ამოღება. სინამდვილეში, როგორც Healthline აღნიშნავს, ნახშირწყლების ზედმეტად მკაცრი შეზღუდვა იწვევს შიმშილის გაძლიერებას, საკვებისადმი დაუძლეველ ლტოლვას, ჭარბი კვების ეპიზოდებსა და საჭმელზე მუდმივ ფიქრს.
მრავალი ნახშირწყლოვანი პროდუქტი — ხილი, ბოსტნეული, პარკოსნები და მთლიანი მარცვლეული — შეიცავს ბოჭკოსა და მნიშვნელოვან საკვებ ნივთიერებებს. უმჯობესია, კონცენტრირდეთ ხარისხზე — აირჩიეთ ბოჭკოთი მდიდარი ნახშირწყლები და შეუთავსეთ ისინი ცილასა და ჯანსაღ ცხიმებს.
როდის არის დეფიციტი ზედმეტად აგრესიული
მუდმივი შიმშილი შეიძლება იყოს იმის სიგნალი, რომ კალორიული დეფიციტი ზედმეტად დიდია. ექსპერტები რამდენიმე ნიშანს ასახელებენ: უწყვეტი შიმშილი დაღლილობასთან ერთად, გაღიზიანება, კონცენტრაციის სირთულე, ვარჯიშის უხარისხოდ შესრულება, ძილის დარღვევა და საკვებზე გადაჭარბებული ფიქრი.
ეს სიგნალები იმაზე მიუთითებს, რომ ორგანიზმს უფრო რბილი მიდგომა სჭირდება. კალორიების მცირედით გაზრდა, მაღალი კვებითი ღირებულების მქონე პროდუქტებზე კონცენტრირება ან მიზნების გადახედვა პროგრესის შენარჩუნების პარალელურად, თქვენს კეთილდღეობასაც შეუწყობს ხელს.
მდგრადობა — წონის კლების საფუძველი
წონის კლება არ უნდა იყოს „ყველაფერი ან არაფერი“ ტიპის პროცესი. კალორიული დეფიციტის დროს გარკვეული შიმშილი ნორმალურია, მაგრამ მუდმივი შეზღუდულობის გრძნობა აუცილებელი არ არის. როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, ჯანსაღი და გრძელვადიანი წონის კლების მიზანი ისეთი ყოველდღიური კალორიული დეფიციტის შექმნა უნდა იყოს, რომელიც ფიზიკური თუ ფსიქიკური ფუნქციების გაუარესების გარეშე შეუწყობს ხელს ცხიმის წვას.
ცილის, ბოჭკოს, ჯანსაღი ცხიმებისა და დაუმუშავებელი პროდუქტების შემცველი დაბალანსებული რაციონი ქმნის დანაყრების შეგრძნებას და კალორიული დეფიციტის შენარჩუნებას აადვილებს. რბილი, მდგრადი მიდგომა ხშირად უფრო შორს წაგიყვანთ, ვიდრე მუდმივ შიმშილთან ბრძოლა.
წყაროები
ავტორი
Tataდაკავშირებული
დრ. ნაიმანის პროტეინის კენკროვანი ნაყინი: ჯანსაღი დესერტი 5 წუთში
ცნობილი პროტეინული კენკროვანი ნაყინი, რომელიც მზადდება რამდენიმე ინგრედიენტით, სავსეა ცილით და არ შეიცავს დამატებულ შაქარს - იდეალური ვარიანტია როგორც პოსტ-ტრენინგ სნექი ან გამაგრილებელი დესერტი.
გაზიანი წყალი წონაში კლებას ეხმარება — მაგრამ არა იმიტომ, რატოც ფიქრობთ
ახალი კვლევა ავლენს, რომ კარბონირებულ წყალში არსებული ნახშირორჟანგი შეიძლება დაეხმაროს წონის კლებას გლუკოზის მეტაბოლიზმის გაუმჯობესების გზით.
საუკეთესო ცილოვანი საკვები: რა უნდა შევიყვანოთ რაციონში კუნთების ასაშენებლად
ცილა აუცილებელია კუნთების აშენებისთვის და ორგანიზმის აღდგენისთვის. რომელი პროდუქტები შეიცავს ყველაზე ხარისხიან ცილას და როგორ გამოვიყენოთ ისინი ყოველდღიურ კვებაში?

